ქვემო ქართლის წყლის რესურსების მართვის სისტემის საფუძვლის შექმნა

გრანტის ნომერი: #216916

სათაური: ქვემო ქართლის წყლის რესურსების მართვის სისტემის საფუძვლის შექმნა

დამფინანსებელი: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის დაწყებისა და დამთავრების თარიღები: 29.11.2016-29.11.2018

პროექტის ხელმძღვანელი: ვახტანგ გელაძე

ძირითადი პერსონალი:ვახტანგ გელაძე, ნანა ბოლაშვილი, თამაზ ყარალაშვილი, ნინო მაჭავარიანი, დავით ქართველიშვილი

ანოტაცია

საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით, თუმცა ქვეყნის  აღმოსავლეთ ნაწილში მოსახლეობის წყალმომარაგების საკითხი საკმაოდ მწვავედ  დგას. საკვლევ რეგიონად  შერჩეულია ქვემო ქართლი. იგი გამოირჩევა წყლის რესურსების დეფიციტით, წყალმცირე პერიოდებში  ხშირად ჩამონადენი ეკოლოგიურ ნორმაზე დაბალია. რეგიონში  ადგილი აქვს  წყლის რესურსების არარაციონალურ ხარჯვას და არამიზნობრივ გამოყენებას. რეგიონი ასევე  წარმოადგენს გაუდაბნოებისადმი მგრძნობიარე-მოწყვლად  ტერიტორიას, რაც  კიდევ უფრო ამწვავებს მტკნარი  წყლის პრობლემას, და სავარაუდოდ, გამოიწვევს ამ რაიონებიდან მოსახლეობის მიგრაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვემო ქართლის  წყლის რესურსები მართვის  თვალსაზრისით წარმოადგენს მნიშვნელოვან და საინტერესო ობიექტს, სადაც ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების ფასი უაღრესად მაღალია. მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელია მართვად  წყალმოხმარებაზე გადასვლა და წყლის დეფიციტის ან სიჭარბის შეფასება მის მოთხოვნილებასთან მიმართებაში.

კვლევის  მიზანია ქვემო ქართლის წყლის რესურსების გსს სისტემის შექმნა, რომელიც მომავალში, როგორც საფუძველი, გამოყენებული იქნება  წყლის რესურსების მართვის  თანამედროვე მექანიზმების დასანერგად.

პროექტის  განხორციელებით მიღებული იქნება  რეალური სურათი ქვემო ქართლის რეგიონში  არსებული წყლის რესურსების რაოდენობრივი მახასიათებლების შესახებ. შეიქმნება წყლის რესურსების გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზები და თემატური რუკები, რომლებიც მმართველობის ორგანოებს რეგიონის  ეკონომიკის დაგეგმვის საშუალებას მისცემს.

კვლევის  სიახლეა წყლის რესურსების მართვის  საფუძვლის შექმნა გეოსაინფორმაციო სისტემების საშუალებით; წყალმოხმარების სხვადასხვა სტანდარტებისათვის  პირველად მოხდება  წყლის რესურსებისა და წყალმოხმარების თანაფარდობის დადგენა რაიონების მიხედვით და შედგება შესაბამისი  რუკები; წყლის რესურსების მიხედვით დაზუსტდება მოწყვლადი ტერიტორიები."         პროექტის განხორციელებისას ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტისთვის წყლის რესურსების, წყალმოხმარების, ჰიდრომეტეოროლოგიური ელემენტების,  საირიგაციო სისტემების, მიწათსარგებლობის და სხვ. შესახებ შეგროვდა და გაანალიზდა არსებული მონაცემები, რომლებიც შეივსო საველე ექსპედიციების შედეგად მოპოვებული უახლესი ინფორმაციებით. შეგროვილი მასალებით შეიქმნა ქვემო ქართვლის რეგიონის წყლის რესურსების გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა. აიციფრა  1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა და  მოხდა კარტოგრაფიული ობიექტების იდენტიფიცირება. შეიქმნა ციფრული სასიმაღლო მოდელი. ყველა სახის მონაცემი და ინფორმაცია ჩაიტვირთა გსს ბაზებში. წყალმოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების გამოსავლენად მომზადდა სოციოლოგიური კითხვარი.  ჩატარდა სოფლისა და ქალაქის მოსახლეობის გამოკითხვები. მდინარეთა აუზების და ცალკეული მუნიციპალიტეტებისთვის შედგა  მრავალწლიური წყალსამეურნეო ბალანსები, შეფასდა ტერიტორიის წყალუზრუნველყოფა და გამოიყო  წყლის რესურსების მიხედვით მოწყვლადი ტერიტორიები, გამოთვლილი და კარტირებული იქნა  ერთ სულ მოსახლეზე წყალმოხმარების სხვადასხვა სტანდარტებისათვის  მოსახლეობის შესაძლო მაქსიმალური რაოდენობა ყველა მუნიციპალიტეტისათვის ცალ-ცალკე, გაანგარიშდა წყლის რესურსებისა და წყალმოხმარების თანაფარდობები. პერიოდულად ხდებოდა კვლევის შედეგების წარდგენა  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე. ბოლო კონფერენციაზე წარდგენილი პრეზენტაცია, რომელშიც მოხსენებული იქნა დასრულებული კვლევის შედეგები,   შეფასდა საუკეთესო პრეზენტაციად. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ წალკის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ნორმალური წყალსამეურნეო ვითარებაა. მაღალია წყლის რესურსებისა და წყალმოხმარების თანაფარდობის კოეფიციენტებიც (1.3-12). ასევე აღსანიშნავია პოტენციური წყალმოხმარების კოეფიციენტების მაღალი მნიშვნელობებიც (12), რომლებიც მიუთითებენ მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი წყლის რესურსების რეზერვების არსებობაზე. წალკის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მაღალია ტერიტორიისა და მოსახლეობის წყალუზრუნველყოფაც. შედარებისთვის, საქართველოს ტერიტორიის წყალუზრუნვეყოფა შეადგენს საშუალოდ - 750 ათას მ3/კმ2-ზე.     ზოგადად, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ სპეციფიკურ უბნებს, რეგიონში წყლის რესურსების მხრივ მოწყვლადი ტერიტორიები არ აღინიშნება. მოსახლეობის წყალუზრუნველყოფისთვის (1 სულ მოსახლეზე დღე-ღამეში 500 ლიტრი წყლის გათვალისწინებით) წალკის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებისთვის საჭიროა მათი სრული ჩამონადენის მხოლოდ 1.5 და 1 % შესაბამისად. წალკის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს აქვთ შესაძლებლობა შესაბამისად, 20 და 22-ჯერ მეტი მოსახლეობა უზრუნველყონ წყლით.  ტერიტორიისა და მოსახლეობის წყალუზრუნველყოფა მაღალია დმანისისა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტებშიც. დმანისისა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტებს აქვთ შესაძლებლობა შესაბამისად, 30 და 14-ჯერ მეტი მოსახლეობა უზრუნველყონ წყლით. რაც შეეხება მარნეულის მუნიციპალიტეტს, წსბ-ის სტრუქტურის ხელსაყრელობის მაჩვენებელი ყველა კოეფიციენტი მნიშვნელოვნად ნაკლებია ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტების (გარდა გარდაბნის) შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით. განსაკუთრებით დაძაბული წყალსამეურნეო ვითარებაა მუნიციპალიტეტის იმ ნაწილში, რომელიც მოიცავს მდ. ალგეთის აუზს, სადაც აღინიშნება რეგიონისთვის ადგილობრივი ჩამონადენის მინიმალური მოცულობა - 16.7 მლნ მ3 და ხელმისაწვდომ წყლის რესურსებში მნიშვნელოვანია თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გადმოცემული და დაბრუნებული წყლების წილი. აღნიშნულ აუზში წსბ-ის სტრუქტურის მაჩვენებელი ყველა კოეფიციენტის მნიშვნელობა მინიმალურია რეგიონისთვის და მხოლოდ აქ არის წსბ-ის კოეფიციენტი ერთზე ნაკლები, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალმოხმარებაში მონაწილეობს გარემოსდაცვითი ჩამონადენიც. მარნეულის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში შესაძლებელია დღეს არსებული მოსახლეობის მხოლოდ 20-30 %-ის უზრუნველყოფა ადგილობრივი წყლის რესურსებით. მაშინ როცა, წალკის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს აქვთ შესაძლებლობა შესაბამისად, 20 და 22-ჯერ მეტი მოსახლეობა დააკმაყოფილონ წყლით. გარდაბნის მუნიციპალიტეტში შესაძლებელია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიახლოებით 10 %-ის უზრუნველყოფა.